9 მაისი მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო აღინიშნება.
ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა. ეს დღე სსრკ–ს სუმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დღესასწაულად 1945 წლის 8 მაისს , ხოლო უქმე დღედ -1965 წლის 26 აპრილს გამოცხადდა.
9 მაისის შესახებ ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებები განსხვავებულია და დაახლოებით, ასე გამოიყურება:
1) 9 მაისი – თანამედროვე სამყაროს წესრიგის დამფუძნებელი მოვლენა (?)
„გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმზე და ზოგადად ფაშიზმზე გამარჯვება XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, თანამედროვე სამყაროს წესრიგის დამფუძნებელი მოვლენაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნაცისტური გერმანიის და “ღერძის” სახელმწიფოების მოწინააღმდეგე ალიანსიდან წარმოიშვა. რატომ არის ეს დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
ნაციზმზე გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს ისეთ სამყაროს ნაწილად მივიჩნევთ თავს, რომელიც – გაერთიანებული ერების დეკლარაცია რომ გავიხსენოთ – “იცავს სიცოცხლეს, დამოუკიდებლობას და რელიგიურ თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და სამართლიანობას … ერთობლივ ბრძოლაში ველური და სასტიკი ძალების წინააღმდეგ”.
II მსოფლიო ომში 700 000 ქართველი იღებდა მონაწილეობას. 300 000-მა ნაციზმთან ბრძოლაში დადო თავი. ამ ადამიანების ხსოვნა ჩვენთვის დაუვიწყარი უნდა იყოს. საბჭოთა საქართველოს იტორიაში საამაყო შეიძლება ბევრი არაფერი ყოფილიყო, მაგრამ ქართველების წვლილი ნაციზმის დამარცხებაში მართლაც საამაყო არის და იქნება.
საქართველოში ზოგიერთს ვერ გაუგია, რით განსხვავდებოდა ქართველების მონაწილეობა II მსოფლიო ომში წითელი არმიის შემადგენლობაში მათი მონაწილეობისაგან სსრკ-ს ან სხვა ქვეყნების დაპყრობით ომებში და მიაჩნია, რომ საზეიმო არაფერი გვაქვს, რადგანაც ჩვენ თითქოს საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ვზეიმობდეთ. ეს შეხედულება მცდარია. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას დიდ სამამულო ომში, მიუხედავად იმისა, რომ II მსოფლიო ომის დროს სსრკ-ს შემადგენლობაში შევდიოდით, არამედ ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე და მის მოკავშირეებზე. ეს გამარჯვება – ცივილიზაციის გამარჯვება ბარბაროსობაზე – ერთნაირად ეკუთვნის ყველას, ვინც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდა: ამერიკელებს და რუსებს, ბრიტანელებს და ფრანგებს, ებრაელებს და ქართველებს“.
2) „9 მაისის აღნიშვნა უაზრობაა“ ( ?)
„ევროპაშიც ამ დღეს არა გამარჯვებას, არამედ ომის დასრულებას აღნიშნავენ. 9 მაისის აღნიშვნა შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნებისა და საბჭოური დღესასწაულის რესტავრირების შედეგად აღდგა. 9 მაისის აღნიშვნა უაზრობაა. რატომ უნდა აღვნიშნოთ ეს თარიღი, ან რა უნდა აღვნიშნოთ ამ დღეს? მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა საქართველოს ომი. საქართველო ამ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო. ის იყო ოკუპირებული ბოროტების იმპერიის მიერ. ამ ბოროტების იმპერიას ჰქონდა ომი მეორე ბოროტების იმპერიასთან და ქართველები, ნებით თუ უნებლიეთ, ამ ომში ორივე მხრიდან მონაწილეობდნენ.
1945 წელს ჩვენთვის ტოტალიტარიზმი არ დამარცხებულა. ამის შემდეგ ეროვნული თავისუფლება კიდევ კარგა ხანს ვერ მოვიპოვეთ და ქართველებს ამ ომში რა აქვთ აღსანიშნავი?
9 მაისს ჩვენ არანაირი გამარჯვება არ მოგვიპოვებია, ამიტომ ამ თარიღის გამარჯვების დღესასწაულად გამოცხადება ცოტა ცინიკურიც კი არის. 9 მაისი წითელი ტოტალიტარიზმის გამარჯვების დღეა. ეს სტალინისტური დღესასწაულია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გერმანული ნაციზმი და საბჭოთა სტალინიზმი ერთმანეთს გაუთანაბრა და ორივე დაგმო. ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა დღედ კი – 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების თარიღი დააწესა. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, საჭიროა, ჩვენც დავაწესოთ ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ამასთან ერთად, დამატებით, თუ ფაშიზმის დამარცხების დღესაც აღვნიშნავთ, ეს 9-ში კი არა, 8-ში უნდა გავაკეთოთ. ამ შემთხვევაშიც, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ფაშიზმის დამარცხების დღესთან ერთად კომუნიზმის დამარცხების დღეც აღვნიშნოთ. ასეთ თარიღად შეიძლება სსრკ-ს დაშლის დღე – 31 დეკემბერი დაწესდეს“.
და მაინც: ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- პოლონეთი
- ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
- საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
- გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
- ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
- ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
- ყირგიზეთი
- მოლდოვა
- რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
- სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
- ტაჯიკეთი
- თურქმენეთი
- უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
- გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.
- უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
- იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში 9 მაისს დედის დღე აღინიშნება.
9 მაისს ასევე აღნიშნავენ ევროპის დღესაც.
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთისსაგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. ამიტომ 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.
9.05.2015