ნეობოლშევიკური შეტევა ქართულ, სამოციქულო ეკლესიასა და სასულიერო დასზე, ბოლო დროს, ყოველგვარ ზღვარს სცდება. დასავლეთში უკვე მომაკვდავი ლიბერალური იდეოლოგია საქართველოში უკიდურესად მარგინალურ ხასიათს იღებს. გასული საუკუნის „მებრძოლ უღმრთოთა კავშირი“ ჩვენს თვალწინ მთელი თავისი „დიდებულებით“ ცოცხლდება, რომლის ადეპტებიც ბრძოლის ყველაზე ბინძურ, ცილისწამების მეთოდს ირჩევენ.
ეკლესიის გარშემო შექმნილ ვითარებაზე Black on White-ს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) ესაუბრება:
– როგორია თქვენი შეფასება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას რომელ ისტორიულ პერიოდს შეადარებდით?
-როდის არ ყოფილა შეტევა ეკლესიაზე?! უბრალოდ, კომუნისტების მერე ამ მასშტაბით არ ყოფილა. ეკლესიას ამით ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ლიბერალიზმით კომუნისტური იდეოლოგიის ჩანაცვლება მოხდა. მიზანი იგივეა, ადამიანის ღმერთთან დაშორება. ბოლშევიკური რევოლუციის წინა წერიოდში, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ეკლესიას ლანძავდა, თანამედროვედ რომ წარმოჩენილიყავი, აუცილებლად ეკლესიის წინააღმდეგ რაღაც უნდა გეთქვა. ამგვარმა იდეოლოგიურმა წნეხმა რევოლუცია მოამზადა. მერე კი ამ ტალღაზე „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ შეიქმნა, ანუ, რევოლუცია უღმერთობაში გადავიდა. შესანიშნავმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმაც კი ეკლესიის წინააღმდეგ წერილი დაწერა, მასთან ერთად მთელი ნაკადი გამოდიოდა. შედეგი რა იყო მიხეილ ჯავახიშვილისთვის ან სხვისთვის? მოვიდა დრო და ის, რაც ილაპარაკა, მის წინააღმდეგ შემობრუნდა, შედეგად „ჯაყოობა“ შეიქმნა. ახლაც ეს ხდება, ეკლესიის დაკნინებას „ჯაყოობა“ მოჰყვება. თუ ადამიანები არ გამოფხიზლდნენ, შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას, ეკლესიის მომხრეების დახვრეტაც კი დაიწყონ, მერე მიხვდებიან, რაც გააკეთეს. შეტევა ეკლესიაზე მათვე დაუბრუნდებათ.
ფაქტია, რომ ტვინებში არეულობაა, სულ ჩხუბი და დავიდარაბაა. მუდმივად ისმის განკითხვა, ამ დროს კი ეკლესია ადამიანის სულის ერთადერთი დასაყრდენია. თუ ამ საყრდენს გამოაცლი, ადამიანი სიცარიელეში აღმოჩნდება, სრული დეზორიენტაცია მოხდება.
– რა ძალები მართავენ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პროცესებს და რა არის მათი საბოლოო მიზანი? საუბარია იმაზეც, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის უკან შესაძლოა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ბართლომეოსი იდგეს. რამდენად ახლოს დგას რეალობასთან ეს ეჭვი?
-თუ მტკიცებულებები არ მაქვს, ისე როგორ ვთქვა? მე ვხედავ, ვისი ტელევიზიები აშუქებენ ამ აქტიურობას და დადებით კონტექსტში ვინ განიხილავს მის მოღვაწეობას. აქედან გამომდინარე, ვიკითხოთ, ვისთან არიან ისინი შეკრულნი საზღვარგარეთ? მე რომ ზუსტად ვიცოდე, ვიტყოდი. ეს ქვეყნის უშიშროების საკითხია, მათ უნდა თქვან, რა ხდება. მარტო შიდა ძალები რომ არ არიან ჩართული, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინ არიან, ვერ დავასახელებ. მე ვხედავ ხალხს, რომელიც პირდაპირ ფრონტზე არიან, მაგრამ მხედართმთავრები სადღაც სხედან.
ესენი არიან ანტიქრისტიანული ძალები. ვიცით, რომ ბოლო ჟამს კაცი კაცს აღარ ემგვანება. ზოგადად, ადამიანის სულიერი მდგომარეობა კულტურითაც შეიძლება შეაფასო. შევხედოთ, რა მიმართულებით მიდის კულტურა? სიმღერების ნაცვლად- ხმაურია, კინოს ნაცვლად- გარყვნილება და ძალადობა. იგივეა მხატვრობაშიც. რასაც ვუყურებთ და ვისმენთ, ყველაფერი არეული ტვინებიდან მოდის. ადამიანმა სწორი ორიენტირი დაკარგა და თავის თავს ებრძვის. პოლიტიკაშიც იგივეა, იმგვარ კანონებს იღებენ, ცხოვრება შეუძლებელი ხდება. აქეზებენ ისეთ დაჯგუფებებს, რომლებიც საერთოდ ადამიანობის წინააღმდეგ გამოდიან. ამას თავისუფლების და პროგრესულობის სახელით სჩადიან.
–შესაძლოა, რომ ეკლესიაში არეულობის შექმნის მცდელობა უკრაინის ეკლესიის საკითხს უკავშირდებოდეს?
შეიძლება უკრაინის საკითხსაც უკავშირდებოდეს, მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ალბათ, მხოლოდ ეს არ არის. ზოგადად, ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა მიდის, ეს აშკარად ჩანს. პატრიარქსაც აღარ ინდობენ. რამდენი რამ გააკეთა უწმინდესმა და არაფერს არ უფრთხილდებიან.
ხელისუფლებამ უნდა გამოააშკარაოს ვინ უთხრის ძირს ეკლესიას და ზოგადად, ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას არ აქვს არანაირი ინსტრუმენტი გამოძიება აწარმოოს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთთან უნდა ვიყოთ და ადამიანებს უფალთან ყოფნისკენ მოვუწოდოთ. დიდი შემოტევაა და ვაფრთხილებთ ხალხს, რომ არ დაუჯერონ ამ სისულელებს. ეკლესიას ვერავინ ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ვინც დაბრკოლდება და გვერდზე გადგება, იმას ბევრი პრობლემა შეექმნება, უფლის დაკარგვით ადამიანი ყველაფერს კარგავს.
„გირჩის“ ამბავი ავიღოთ თუნდაც.“გირჩმა“ შექმნა რელიგიური ორგანიზაცია სამშობლოს მოღალატეთათვის, ჯარიდან დახსნის მოტივით ახალგაზრდებს სარწმუნოებაზე უარი ათქმევინა და ახლა უნამუსოდ ადანაშაულებენ ეკლესიას, წესი რატომ არ აუგეთ გარდაცვლილსო. თაღლითები მღვდელმსახურებად გამოაცხადეს, კონსტიტუციის მუხლებს იყენებენ, რომ ახალგაზრდები ჯარში არ წავიდნენ, ამაში ფულს იღებენ და კაციშვილი არაა გამკითხავი. ფული გადაიხადეს იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა დატოვონ და რა შეიძლება მათ მიმართ ეკლესიურად განახორციელო? ჩვენ ხომ ეკლესიის კანონებით ვმოქმედებთ…
-სინოდს ხალხი გაფრთხილებული არ ჰყავდაო, ითქვა…
სინოდი ცალკე რატომ განაცხადებდა? რამდენი სექტაც შეიქმნება, სინოდმა იმდენჯერ ცალ-ცალკე უნდა განაცხადოს? როცა ადამიანი ამ ნაბიჯს დგამს, ის ეკლესიას ემიჯნება. ეს საკითხი ეკლესიის კრებების მიერ არის გადაწყვეტილი, ეკლესიის ისტორიაში და პრაქტიკაში ჩვეულებრივი ამბავია. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომაც ღიად დააფიქსირა პოზიცია. თუ შენ ეკლესიის წევრი არ ხარ, ეკლესია ვერ მოგემსახურება. მართლმადიდებლობა გვეუბნება, რომ სამშობლოს დაცვა და ჯარში სამსახური ქრისტიანის მოვალეობაა.
მე მაგალითად, ჩემს ეპარქიაში არაერთხელ გამოვაცხადე, რომ ვინც ამ ნაბიჯს გადადგამდა, იმას არც წესს ავუგებდით და არც შვილებს მოვუნათლავდით, თუ არ მოინანიებდნენ. ასევე აცხადებდნენ სხვებიც თავის ეპარიქაში.
– ქართულმა საზოგადოებამ პროვოკაციად შეაფსა გეი-ფილმი, რომლის პრემიერაც საქართველოს კინოთეატრებში შედგა. თუმცა, გარკვეული ნაწილისთვის პროტესტის არსი გაუგებარი დარჩა. რამდენად აუცილებელია ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტის ღიად გამოხატვა?
რა თქმა უნდა, პროტესტი ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქციაა, ხალხმა არ უნდა მიიღოს. შენს სახლში რომ სიბილწე შემოგიტანონ, პროტესტი ხომ გექნება? საქართველო ჩვენი სახლია, ჩვენი ქვეყანაა, სიყვარული გვინდა იყოს, ნამდვილი და არა ისეთი, სიბილწეს რომ სიყვარულად ასაღებენ.
კაცის კაცზე გათხოვებისთვის იბრძვიან და ერთმანეთს გვაპირისპირებენ. პოლიცია კი თავში უნდა ურტყამდეს ადამიანს, რომელიც ამბობს, „ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, რას სჩადიხართ?“ ეკლესიას იმიტომ აგინებენ, რომ სწორ ორიენტირს და ზნეობრივ საყრდენს უნარჩუნებს ადამიანს. ვინც იცის ეკლესიის ფასი, გრძნობს, რომ ამის გარეშე ყველაფერი დაიკარგება და ერის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტი გახდება.
ლიბერალური იდეოლოგიის საშუალებით ცრუ თავისუფლებას ნერგავენ, რათა ადამიანი საკუთარ ფესვებს მოწყვიტონ. ბოროტის ქმნა თავისუფლების გამოხატულება არაა, შეიძლება ადამიანმა ღვთის მცნების საწინააღმდეგოდ რაღაც გააკეთოს, მაგრამ ამით თავისუფლებას ვერ მოიპოვებს. ასეთი კაცი ცოდვის, ანუ ბოროტი ძალის მონაა. „თუ გინდა თავისუფლება, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ“,-პირდაპირ ამბობს უფალი. ჭეშმარიტება უფალია და უფლის გარეშე თავისუფლება არ არსებობს. როცა უთხრეს, რას ამბობ, ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ მონობაშიო, უპასუხა: „თქვენ ხართ მონები ცოდვისაო.“ ცოდვის მონობა ყველაზე მძიმეა. ადამიანი როცა ადამიანის მონაა, ძნელია, მაგრამ თუ უფლის ერთგული იქნება, შეუძლია შინაგანად თავისუფალი იყოს, ცოდვის მონობაში არანაირი თავისუფლება არ არსებობს.
სინანულის შემთხვევაში კი ეკლესია ყველა მონანულს გვერდში უდგას და გამოსწორებაში ეხმარება. ცოდვას სრულიად ვერ აღმოფხვრი, მაგრამ პროპაგანდირებული არ უნდა იყოს. ცოდვა მხოლოდ უფლის მიერ აღმოიფხვრება მეორედ მოსვლის შემდეგ.
-მეუფეო, ბოლო დროს გახშირდა საუბრები მეორედ მოსვლაზე, აპოკალიფსზე, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირების მხრიდანაც. თქვენ რას გვეტყვით, რა ფაზაშია დღეს კაცობრიობა?
ზოგადად, უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინი ყოველთვის იყო, პირველ საუკუნეებშიც კი. ბიბლიაში არის ასეთი მომენტი სოდომ-გომორთან მიმართებაში, აბრაამი ეკითხება უფალს, ათი მართალი კაცი რომ დარჩეს, მაინც აღხოცავ ქალაქებსო? სოდომში ათიც არ დარჩა და აღიხოცა. ღვთის ერთგული „ათი კაცი“, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით არსებობს სამყაროში. ამიტომ უფალი აცლის ადამიანებს, რომ აკეთონ ის საქმე, რაც გასაკეთებელი აქვთ სიკეთის მიმართულებით. ვისაც ცხონების რაიმე პოტენციალი გააჩნია, უფალი ყველას შანსს აძლევს. ხოლო თუ კაცობრიობა მარტო ბოროტისკენ დაიწყებს სვლას და სიკეთის მქნელი „ათი კაციც“ არ დარჩება, მაშინ ქვეყნის არსებობას უკვე აზრი ეკარგება. ეს არის მეორედ მოსვლის პროცესი, მიდის გადარჩევა, ვინ საით დადგება, უფლისკენ თუ უფლის წინააღმდეგ!