დამოუკიდებელი სასამართლო, გაზრდილი პენსიები, აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა და გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა – ასე გამოიყურება იმ საარჩევნო დაპირებების ნაწილი, რომელიც თითქმის ყველა სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისმის, თუმცა… წლევანდელი არჩევნებისთვის მზადება განსხვავებული რეჟიმით მიმდინარეობს. პრობლემებს, რომელიც თანაბარი სიმწვავით იდგა შევარდნაძის, სააკაშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, კიდევ რამდენიმე ლოკალურ-გლობალური თემა დაემატა. სანამ ოპოზიცია ტრადიციულად „გადასაბრალებელ“ საკითხებს ქართული ოცნების „უნიათობის“ დასამტკიცებლად იყენებდა, ხელისუფლება კი „სისხლიან 9 წელზე“ ყურადღების გადასატანად იღწვოდა, ქვეყანა გახმაურებული ამბების ქაოსში ჩაერთო – ერთ მხარეს ახალგაზრდების მკვლელობები და გამოუძიებელი საქმეები მოექცა, მეორე მხარეს კი „კორონავირუსული“ შემოტევები და „პირბადისმოშიში“ საზოგადოების საპროტესტო აქციები დაიწყო.
არსებული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების „გადახალისებას“ და პირველ რიგში კი, მართლმსაჯულების რეფორმების გატარებას ასახელებს პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი მამუკა ტუსკაძე. მისი თქმით, ცვლილებები არა სასამართლო სისტემით, არამედ საგამოძიებო სტრუქტურების ახლებურად ფორმირებით უნდა დაიწყოს. მისივე განმარტებით, სახელი უნდა შეეცვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტრო ეწოდოს.
მამუკა ტუსკაძე:
„თუ ადრე კორუფციულ გარიგებებს ვებრძოდით, ახლა პოლიტიკური კორუფციის შედეგებს ვიმკით“
– ვერა და ვერ ვეღირსეთ დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს. ბევრი რეფორმა წამოიწყეს შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, მაგრამ ყველა მათგანმა განიცადა კრახი. თუ რამ განვითარდა, მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითად, აღარ ხდება ხელით ჩაწერა, ვსარგებლობთ კომპიუტერით. ეს არ არის ამ ან რომელიმე სხვა ხელისუფლების მონაპოვარი. ეს არის 21-ე საუკუნის თანმდევი პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგი. პრობლემა ისაა, რომ სასამართლო დღემდე არ არის თავისუფალი. თუ ადრე კორუფციულ გარიგებებს ვებრძოდით, ახლა პოლიტიკური კორუფციის შედეგებს ვიმკით. ბუნებრივია, არიან მოსამართლეები, რომლებიც სამართლებრივად სწორად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ… განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სისხლის სამართლის მიმართულებით. 32 მოსამართლეა სისხლის სამართალში. მათი უმრავლესობა გახმაურებულ თემებზე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ნაკლებად გახმაურებულ ან გაუხმაურებელი ფაქტების შემთხვევაშიც, რომელიც, გარკვეულწილად, სახელმწიფოებრივ დანაშაულს ეხება, ფაქტობრივად, ადამიანებს სჯიან არა მოქმედი კანონმდებლობის, ან მოთხოვნილი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტს, მაგალითად, მოსამართლეების „შეფი“ მურუსიძე. ვფიქრობ, მურუსიძის და მისი გუნდის მმართველობა (კლანს ვერ ვუწოდებ მაინც) უნდა დასრულდეს. ამ თემაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა. ბუნებრივია, სხვა უფლებადამცველებთან, იურისტებთან ერთად მეც ვიყავი ჩართული პროცესში, მაგრამ სასურველ შედეგამდე ვერ მივედით.
„ის, რაც ხდება დღეს, არის მოქმედი რგოლების დაბალკვალიფიციურობის შედეგი, დაბალკვალიფიციური სპეციალისტი კი საქმეს ვერ გამოიძიებს სწორად და სამართლიანად“
– რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები და ვიცით, როგორ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გაკეთილშობილება. აქ არაა საუბარი მხოლოდ სასამართლოზე. ეს ერთ-ერთი რგოლია მხოლოდ ამ სისტემის. ვგულისხმობ შსს-ს, ანუ საგამოძიებო ორგანოებს, შემდეგ – პროკურატურას და ბოლოს – სასამართლოს. არის კიდევ სასჯელაღსრულება და ადვოკატურა. ანუ სულ 5 ძირითადი რგოლია, რომელთა რეფორმირება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. არის კიდევ მეექვსე რგოლი – დაზარალებული. სწორედ იმ ხუთმა რგოლმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა მეექვსე რგოლისთვის და მოახერხოს სხვა დანაშაულებების პრევენცია. ხოლო თუ დანაშაული მაინც მოხდება, სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი – დანაშაულის ადეკვატური.
„გამომძიებელმა არ უნდა თქვას „მერე რა“, რეაგირება მისი მხრიდან უნდა იყოს მყისიერი“
– რეფორმის განხორციელება კი უნდა დაიწყოს პირველი საფეხურიდან… რა ხდება პირველ საფეხურზე? ივსება ფორმა 1 და იწყება გამოძიება რაღაც ფაქტზე ან ინფორმაციაზე დაყრდნობით. ანუ რეაგირება გამომძიებლის მხრიდან უნდა იყოს მყისიერი. გამომძიებელმა არ უნდა თქვას სიტყვა „მერე რა“, მეტიც, არც კი უნდა გაიფიქროს ამაზე… მერე რა, რომ მოვიდა ინფორმაცია არა დანაშაულის, არამედ შესაძლო ფაქტის შესახებ. ამ დროს პასუხისმგებელმა პირმა ფეხები კი არ უნდა შემოაწყოს მაგიდაზე და სიგარეტის მოწევით კი არ უნდა გაირთოს თავი, მაშინვე უნდა გადავიდეს საქმეზე. როდესაც სუსტია პირველი დონის გამოძიება და შეიძლება თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად დგას შსს-ს თანამშრომელთა კვალიფიკაციის საკითხი (ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ), ვერ ხდება საქმის სწორად წარმართვა, სწორად გამოძიება. დაბალკვალიფიციური სპეციალისტი საქმეს ვერ გამოიძიებს სამართლიანად. ავიღოთ, თუნდაც, ბოლო დროის მკვლელობები – შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები… ის, რაც ხდება დღეს, არის დაბალკვალიფიციურობის შედეგი.
დავუბრუნდეთ თემას… და რა ხდება მერე? გამომძიებელი საქმის აღძვრის საკითხს ათანხმებს პროკურორთან. ხდება ისეც, რომ არ იწყება საქმე იქ, სადაც დასაწყებია. რთული გამოსაცნობი არაა, რატომ… შესაძლოა, გამომძიებელმა, ისევ არაკვალიფიციურობის გამო, მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ამის ძალიან მაღალი პროცენტი არსებობს. ან პირიქით, დაიწყო საქმე იქ, სადაც არ უნდა დაწყებულიყო… და კიდევ, შესაძლოა, პროკურორის მიერ ნებართვის გაცემის მიუხედავად, დაწყებული გამოძიება შეწყდეს შუა გზაზე, ვერ მივიდეს სასამართლომდე. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან სუსტი აღმოჩნდეს ბრალდების მხარე.
შემდეგი რგოლია პროკურატურა. ეს რგოლი ოდნავ ძლიერია წინაზე, მაგრამ აღნიშნული ფაქტი არაა საკმარისი საერთო შედეგისთვის. პროკურატურას აქვს უფლება, არ დაეყრდნოს სუსტი გამომძიებლის მიერ მიწოდებულ მასალებს და თვითონვე ჩაატაროს გამოძიება. მაგრამ ამას არ აკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ ისიც სუსტია.
სააკაშვილის დროს გვყავდა პოლიტიკური პროკურატურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობდა. იგივე პროკურატურა გვყავს დღესაც. სამასზე მეტი პროკურორია დღეს საქართველოში და სამასიდან ორას ორმოცდაათი რეჟიმის მომსახურე იყო, არის და იქნება. თუ ჩვენ ამ მიმართულებითაც რეფორმებს არ გავატარებთ, სიტუაციის გამოსწორება ვერ მოხერხდება, ქვეყანა ვერ განვითარდება.
ახლა ავდივართ მომდევნო ეტაპზე – ესაა სასამართლო. ამ რგოლზე უკვე ვილაპარაკე, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ძალიან რთულ სიტუაციას ვაწყდებით. ცუდად გამოძიებულ საქმეს სასამართლო კიდევ უარესს უკეთებს. გადაწყვეტილება გამოაქვს მხოლოდ გარკვეული ვიწრო ჯგუფების ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ეს პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. შეიძლება ისეთი დიდი მასშტაბითაც არ ხდებოდეს მსგავსი ფაქტები, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ… ფაქტები მაინც არის… მაგალითად, შეიძლება ბევრი არაპოლიტიკური ფიგურა არასათანადოდ დასაჯონ, იმიტომ, რომ საქმე გახმაურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გამომძიებელი ჩოლოიანი. მე მის საქმეს ვიცნობ. მას არ მიუძღვის ბრალი იმ ბავშვის გარდაცვალებაში, მაგრამ სამი წელი მისცეს ქალს, იმიტომ, რომ გახმაურებული საქმე იყო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, გარდა ზეპირი ჩვენებისა, რომ რამდენიმე სიტყვა ზედმეტი უთხრა და უყვირა ბავშვს. არ იყო ეს გამოძიება ობიექტური. მაგრამ იყო გახმაურებული. შაქარაშვილის ამბავზე არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მკვლელობა არ ჩაუდენია, არ უმოქმედია, არავინ უცემია. არ ვამბობ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. მაგრამ ზოგი ცრუ ჩვენებისთვის უნდა ჩაესვათ, ზოგი – ინფორმაციის დამალვისთვის. მათ კი მკვლელობის ბრალდება აქვთ. ამის დამტკიცება გაუჭირდებათ სასამართლოზე, იმიტომ, რომ რეალურად არავინ მოუკლავთ. იმის თქმა მინდა, რომ მარტო იმიტომ, რომ გახმაურებული საქმეა, ადამიანი არ უნდა ჩასვა ციხეში იმ ბრალდებით, რომელიც არ ჩაუდენია. თითოეული უნდა დაისაჯოს ადეკვატურად. ეს გამოძიების სისუსტეა. ამიტომაც ვამბობ, რომ გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდის საფუძველზე სამსახურში აყვანა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. თითოეულ თანამშრომელს უნდა მიეცეს სწავლის და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება. ვინც ვერ გაივლის გამოცდას, ან უნდა გავუშვათ სხვა რგოლში, ან გავათავისუფლოთ. ძლიერი სპეციალისტი – ეს ძლიერი ქვეყნის უპირობო საჭიროებაა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრად მართებული იქნება, თუ მას უსაფრთხოების და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ“
– ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, სადაც თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული. გვჭირდება სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე იქნება ორიენტირებული. უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებას, ანტიტერორისტულ, ანტიკორუფციულ და კრიზისული მართვის სამსახურებსაც. არცერთ ქვეყანას არ სჭირდება „ბლატნოი“ პოლიციელები. ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ მას უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ. მართლწესრიგის სამინისტრო უფრო ეფექტურად იმუშავებს არა რეჟიმზე, არამედ დისციპლინაზე. მართლწესრიგის სიმეტრიულია დაისციპლინა, ხოლო შსს-ს სიმეტრიულია ავტოკრატია და დიქტატურა… ანუ რეჟიმი…
„სჯობდა, კომპენსაცია მიგვეცა რეჟიმის მიერ დაჩაგრული პატიმრებისთვის, ვიდრე დღეს 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს ჰქონოდა უფლება, პირობითად, პანღური ამოერტყა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისთვის“
– ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული, შედარებითობის თვალსაზრისით, არის სასჯელაღსრულების სისტემა, თუმცა აქ მეორე უკიდურესობაა. ამ სისტემაში დღეს პატიმრები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ. არადა, კანონი მათი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა. თუ წინა რეჟიმის დროს მათი უფლებები ძალიან ცუდი, უფრო სწორად, მიუღებელი ფორმით ილახებოდა, დღეს პირიქით ხდება. ანუ დღეს პატიმრები იმაზე მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე ციხის ადმინისტრაცია სჩადიოდა მანამდე. ვფიქრობ, აქ სახელმწიფო მიდგომა არასწორია. სჯობდა, კომპენსაცია მიგვეცა რეჟიმის მიერ დაჩაგრული პატიმრებისთვის, ვიდრე დღეს 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს ჰქონოდა უფლება, მაგალითად, პანღური ამოერტყა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისთვის და შეელახა მისი ღირსება. ანუ თუ 8-9 წლის წინ პირიქით ხდებოდა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ულახავდა ღირსებას პატიმარს, ახლა, სამწუხაროდ, შეიცვალა როლები და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს პატიმარი ულახავს ღირსებას.
„ადვოკატის უფლებები = პროკურორის უფლებებს“
– კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ადვოკატები და პროკურორები, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის სამოქალაქო და საპროცესო კოდექსით, სასამართლო პროცესებზე უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით. ეს წერია კანონში. მაგრამ დოკუმენტურად ერთი წერია, და ფაქტობრივად, ხდება მეორე… ანუ რეალურად, ადვოკატთა ასოციაციის დიდი მცდელობისა, პროკურორები და ადვოკატები თანაბარი უფლებებით ვერ სარგებლობენ.
„საგამოძიებო ორგანოები უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ“
– მედიამ უნდა იმუშაოს ისე, როგორც მუშაობს. გამოძიებას ეს ხელს არ უშლის. პირიქით. კარგიც კია, თუ აბსოლუტურად ყველა საქმეს გაახმაურებს. უბრალოდ, გამოძიება უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ რაც არ უნდა იხმაუროს მედიამ, მის განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს. გამომძიებელი რომ ხარ, პროკურორი რომ ხარ, ადვოკატი რომ ხარ და მოსამართლე რომ ხარ, ისე გააკეთე საქმე, რომ ხელი არ შეგეშალოს, მიმართულება არ შეგეცვალოს. მერე რა, რომ მედიამ იხმაურა. სწორადაც მოიქცა. მედიას აქვს თავისი როლი და ადგილი. შესაძლოა, ბევრი საკვანძო ფაქტი მედიამაც მოგაწოდოს და ეს ეფექტურად უნდა გამოიყენო. ჟურნალისტური გამოძიება ყველა ქვეყანაშია დაშვებული და ვერც ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი. ეს ვითარება უკურეაქციას იწვევს მხლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარეს დგანან ძალიან სუსტი საგამოძიებო ორგანოები და უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ. ნოდარ მელაძე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გამოყენება შენც შეგიძლია, როგორც საზოგადოების ნაწილ პოლიციელს, გამომძიებელს, პროკურს… მიიღე ეს ინფორმაცია და იმოქმედე სამოქალაქო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ნოდარ მელაძე ან ნებისმიერი სამოქალაქო ჟურნალისტიკის მეტრი თვლის საჭიროდ. საქმე უნდა წარიმართოს სწორად, სამართლიანად, კანონის შესაბამისად და მედიას მასზე არ უნდა ჰქონდეს გავლენა. თუ აქვს, ეს ამ სტრუქტურების პრობლემაა. პირადად მე ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებდი, მაგრამ პოლიციელებს, გამომძიებლებს და სხვა რგოლის წარმომადგენლებს კი ნამდვილად დავატრენინგებდი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიზრუნებდი. მათ არ უნდა ეშინოდეთ ჟურნალისტური გამოძიების, პირიქით…
მეტსაც გეტყვით, გვაქვს უამრავი ფაქტი, რომ მივიდა ჟურნალისტი და გააშუქა, ერთი-ორი საათის შემდეგ მივიდა გამომძიებელიც. რატომ? გამომძიებელი თუ ხარ, ჟურნალისტმა რატომ უნდა გაჯობოს? გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უფლებამოსილება მეტი გაქვს. იყავი ძლიერი სახელმწიფო, გქონდეს ძლიერი პროკურატურა და საგმოძიებო სისტემა და ვერც ნოდარ მელაძე და ვერც სხვა ჟურნალისტი ვეღარ შეგიშლის ხელს საქმის სწორად წარმართვასა და სწორად გადაწყვეტაში.
„თუ არსებობს, მაგალითად, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები, რატომ არ უნდა არსებობდეს გამოცდები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის?
-ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. ათასობით ადამიანი, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 2000-მდე იურისტი გვემატება ყოველწლიურად. ძალიან ბევრი მათგანი რჩება უმუშევარი პროფესიული მიმართულებით. შეიძლება, გამოცდებიც ჩააბაროს, მაგრამ ადვოკატურაში ვერ ივარგოს. ყველაფერს გარკვეული „მარიფათი“ სჭირდება. თუ ამ ადამიანებს გადაამზადებ, კარგ სპეციალისტს გამოზრდი იმ მიმართულებით, რისი უნარებიც აქვს. მეორე ეტაპი გამოცდების ჩაბარება უნდა იყოს. თუ არსებობს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები, არსებობს პროკურატურის, არსებობს თეორიული გამოცდა საპატრულო პოლიციაში მუშაობის დაწყებისთვის, რატომ არ უნდა იარსებობს გამოცდებმა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის? კი, არის 15-დღიანი კურსი და ამოწმებენ, რამდენად კარგად ისვრი იარაღს. შემდეგ შეამოწმებს უსაფრთხოების სამსახური და თუ აღმოაჩენს, რომ სანდო პირია, შერაცხადია, ჭკვიანია, აყვანილია სამსახურში. არავინ ამოწმებს, რამდენად კარგად იცის, თუნდაც საპროცესო, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი. აღარ ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რომ თავად ეს კოდექსებიც შესაცვლელია. არის დღეს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულებები, რომელიც უნდა იყოს მოაზრებული, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და პირიქით, დღეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად ისჯება ადამიანი, რომელიც ცალსახაა, რომ უნდა იყოს დასჯილი სისხლის სამართლის შესაბამისად…
„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების ძირეულად გასატარებლად 4 წელი საკმარისი იქნება და საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩება“
თუ პარლამენტი და სხვა უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლები გადაწყვეტენ, რომ რეფორმა გასატარებელია, ოთხი წელი (2020-2024) სრულად საკმარისი იქნება. პირველადი რგოლის გადახალისება კი ერთ ან ორ წელიწადშიც შეიძლება.საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩება, რადგან ამ რეფორმების მოლოდინი უკვე წლებია, აქვს.
P.S. პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერებმა მათეული ხედვა შესავალში ჩამოთვლილი სხვა პრობლემების შესახებაც გაგვიზიარეს, რომელსაც მომდევნო პუბლიკაცი(ებ)ის სახით შემოგთავაზებთ.
1 კომენტარი
[…] იხ. სტატია სრულად: რატომ უნდა დაერქვას შსს-ს უსაფრთხოებ… […]