რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რაზმან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, მიზეზი ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ში მუშაობისას, მისი გადაცემის ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო. გვარამიასვე თქმით,, კონტტერორისტულმა სამსახურმა ბოკოვი სულ სხვა მიზეზით დააკავა, ჟურნალისტის ლიკვიდაციის გეგმის შესახებ კი მოგვიანებით შეიტყო.
“კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით”, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას გამონათქვამების შემდეგ, რომელიც “რუსთავი2”-ის ეთერში პუტინის მისამართით გაკეთდა, საქართველოს ხელისუფლებას მართებდა გაბუნიას უსაფრთხოების დაცვა.
„ ის ფაქტი, რომ ჩვენ არამხოლოდ ხელისუფლება გვიტევს, არამედ გვიტევს ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი, გასაკვირი არ არის.ეს „რუსთავი2“-ში დაიწყო, როდესაც ჩვენ დაგვგმო, რუსეთის დუმამ, ორივე პალატამ, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, ბოროტების მთავარმა სიმბოლომ. მართალი გითხრათ, ეს პატივიც არის და ამავე დროს დიდი საშიშროებაც, რასაც ჩვენ იმთავითვე ვაცნობიერებდით. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში, მართალია კორექტურობისგან შორს იყო, მაგრამს სრულიად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში-არა ფორმით არამედ, შინაარსით. გახსოვთ, ალბათ, მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა, მაშინდელ „რუსთავი2“-ს ვგულისხმობ. გახსოვთ, ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკისშემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას უშიშროების, პირადი უსაფრთხოების დაცვა“ , – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან „დამგმობი განცხადებები“.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირია დაკავებული.