ვინც იცის, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ორგანიზმისთვის ძილის პროცესი, დამეთანხმებიან, რომ დღე-ღამეში 2-3-საათიანი ძილით შრომისუნარიანობის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდება. მეტიც, რამდენიმე დღეში ორგანიზმი საგრძნობლად დასუსტდება. თუმცა ადგილზე არც მეცნიერება ჩერდება. პოლონური კომპანია IntelClinic-ის მიერ შემუშავებული ძილის ახალი აპარატი Neuro ON – ინტელექტუალური სახის მასკა – ამჟამად უკვე გაყიდვაშია.
გარეგნულად აპარატი ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ძილის მასკა, თუმცა მასში მრავალი ელექტრონული მოწყობილობაა ინტეგრირებული. Neuro ON ნებისმიერი თანამედროვე სმარტფონით იმართება და სხვა მოწყობილობასთან კავშირს Bluetooth ტექნოლოგიით ამყარებს. მოწყობილობა ინფორმაციას ადამიანის ტვინის აქტივობის შესახებ სმარტფონის პროგრამას უამრავი სხვადასხვა ტიპის სენსორის საშუალებით გადასცემს. იქ კი მისი საბოლოო ანალიზი ხდება, რის შემდეგაც ე.წ „ ძილის რუკა“ მუშავდება. ამის მიხედვითაც ხდება დაჩქარებული და ხანმოკლე ძილის გამოწვევა. როგორც კი ადამიანი იკეთებს მასკას სახეზე და ოდნავ ძილს მიეცემა, პროგრამული უზრუნველყოფა სპეციალურ სენსორებს ააქტიურებს და „დასაძინებელი ობიექტი“ ღრმა ძილის ფაზაში გადადის, რაც მის უფრო სწრაფ დასვენებას უზრუნველყოფს. საინტერესო ისაა, რომ პროგრამა ხვდება, რომ რამდენიმე საათში უნდა გაგაღვიძოთ. ეს არ ხდება ეგრევე მაღვიძარას ან მამლის ყივილის ხმაზე. გაღვიძების პროცესი იწყება ნელ-ნელა განთიადის ხმაურით და კამარა პეიზაჟის სურათებით.
ამ ე.წ. გონიერ „საძილეზე“ ექიმ-ფსიქოლოგებმაც გამოთქვეს აზრი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსაზრება, თითქოს ადამიანი 8-საათიანი ძილის რეჟიმს გადაეჩვევა, რეალობისგან შორსაა. ამას ეთანხმებიან მწარმოებელი კომპანიის ინჟინრებიც, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ NeuroON-ის ხშირი გამოყენებისას მაინც აუცილებელია ბუნებრივი ძილით დასვენება. მისივე განმარტებით, მოწყობილობის გამოყენება კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე არის დაშვებული.
საინტერესოა, როგორ შეაფასებენ NeuroON-ს ის ადამიანები, რომლებმაც უკვე წინასწარ შეუკვეთეს “მოკლე ძილი” და მზად არიან ტესტირებისთვის.