მსოფლიო პანდემიის პირობებში არსებული ყოფის რიტმი საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში თავისებურად იგრძნობა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” დეკრეტი გამოსცა. რეკომენდაციების თანახმად, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმისთვის ფეხის აწყობას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობს. გამონაკლისი არც ძმობისა და მეგობრობის ქალაქად წოდებულ სამტრედიაა. ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსთან გამკლავებას, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენას და რეკომენდაციების მიყოლას მთელი ძალისხმევით ცდილობს. გარეთ გამოსული ადამიანების უმრავლესობა პირბადეებსა და ხელთათმანებს ატარებს, ნაცნობები ერთმანეთს უღიმიან და შორიდან ესალმებიან. ოთხ დღეზე მეტია, რაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს და სამტრედიის ავტოსადგურიც სრულიად ცარიელია. დაკეტილია სალონები, კაფე-ბარები თუ რესტორნები. ზოგიერთი მათგანი კი გატანით ან სახლში მიტანის სერვისის გამოყენებით მუშაობს.
აღარ ფუნქციონირებს ტანსაცმლის სავაჭრო ობიექტი/მაღაზია შპს „ოკეანე“.
„ჩვენთან დირექტორი მოვიდა და გვითხრა, რომ ვიკეტებოდით. კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ, ორი კვირაო. შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ახლა 21 აპრილამდე არაფერი იქნება. კლიენტები ისედაც ცოტანი იყვნენ. ბოლო დღეებში კი, ფაქტობრივად, არავინ შემოდიოდა.“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ნანა თოფურიამ.
მოსახლეობის მსგავსად რეკომენდაციებს იცავენ აფთიაქებისა თუ მარკეტების თანამშრომლები. „ორ ნაბიჯში“ მოლარეებსა და კონსულტანტებს სპეციალური ნიღბები და ხელთათმანები უკეთიათ. მარკეტის თანამშრომელთა თქმით, ჰიგიენური პირობებისა და დისტანციის დაცვას ყველანაირად ცდილობენ, თუმცა ხანდახან ამაში ხელს მომხმარებლები უშლიან. რაც შეეხება დახლებს, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იგრძნობა – დეფიციტური პროდუქტი სავაჭრო ობიექტში არაა. ფასების მხრივ კი მატება შეინიშნება, თუმცა ცვლილება, ძირითადად, ბოსტნეულსა და შაქარს ეხება.
„ჯიპისის“ ფარმაცევტის, მარიკა ბაბუნაშვილის თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის თანამშრომლებისთვის დამატებით სათვალეების შემოტანა და მინების დამონტაჟება იგეგმება.
„ამ ეტაპზე გვაქვს ხელთათმანები და ნიღბები, ველით მინების დამონტაჟებას, რაც ერთგვარი დამცავის ფუნქციას შეასრულებს. ეს კი იმ ფონზე, როცა გაზრდილია მომხმარებელთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, პრეპარატების ფასი არ გაზრდილა. პირბადე კორონავირუსამდეც 20 თეთრი ღირდა და ახლაც ასე ვყიდით. მაღალი მოთხოვნაა პირბადეებზე და ახალი პარტიის შემოტანას ველით“.
მთელი საქართველოს მსგავსად სამტრედიელებიც კორონავირუსს ყველა რეკომენდაციების გათვალისწინებით ებრძვიან. იციან, რომ მათი ვალდებულება საკუთარი ოჯახის და ქვეყნის დაცვაა. ამისთვის კი სახლში დარჩენა და სამინისტროც რეკომენდაციების გათვალისწინება სასიცოცხლოდ აუცილებელია.