საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს კი უნდა შეუქმნას პირობები, რომ ის, პირველ რიგში, თავის თავს და მერე სხვებსაც მიეხმაროს.
„სახელმწიფო ვალდებულია და სოციალური პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს, რა თქმა უნდა, უნდა შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ იგი, პირველ რიგში, თავის თავს მიეხმაროს, ოჯახს შემოსავალი შეუქმნას და მერე სხვებსაც მიეხმაროს,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრისას.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი მჭედელიშვილი – ნიქოზის სანერგე მეურნეობის მფლობელი.
„ეს არის სწორი მიდგომა და ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი. მადლობა ყველას აქ მოსვლისთვის და როგორც გორის ვაშლის ბაღებიდან წამოვიღეთ ერთი-ორი კარგი იდეა და გავაკეთეთ, მითხარით რაღაც ისეთი, რასაც წავალ და რაც შესაძლებელი იქნება გავაკეთებ. ეგ არის და ეგ. აქ კიდევ ლოკალურად, თუ რაღაც დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სეზონი გადავატაროთ და 2021 წელს უფრო ძლიერად შევხვდეთ ეკონომიკურად, ამისთვისაც შემიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ეფექტური და რეალისტური და არა ისეთი, რომ გამიუქმეთ გადასახადები – მარტივია ასე ყველაფრის მოთხოვნა. რეალურად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ეს წელი, წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება,“ – განაცხადა პრემიერმა.